ზემო რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული არქეოლოგიური ძეგლების გამოვლენა, აღრიცხვა, ფიქსაცია

⭆⭆⭆პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით⭅⭅⭅

🏺⛏

ზემო რაჭა ბუნებრივი სტიქიების სიხშირით საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია. აქ ყოველწლიურად ხდება წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყრის ჩამოწოლა, მცირე მიწისძვრა და ა.შ. მათ შორის თავისი მასშტაბურობით აღსანიშნავია გასულ (2020) წელს მომხდარი წყალდიდობა, რომელმაც რაიონს ძალზე დიდი ზარალი მიაყენა.
სტიქიურ უბედურებებს, გარდა თავისი დამანგრეველი შედეგისა, შეუძლია გარკვეული დახმარება გაგვიწიოს არქეოლოგიური ძეგლების გამოვლენა-ფიქსაციის კუთხით. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა პოულობს წყალდიდობის, ღვარცოფისა თუ მეწყრის შედეგად ჩამორეცხილ არტეფაქტებს. რიგ შემთხვევაში ეს ნივთები მუზეუმს გადაეცემა, თუმცა უმეტესად ასე არ ხდება და ბევრი ღირებული მასალა იკარგება. შესაბამისად, სამეცნიერო ყურადღების მიღმა რჩება ის ძეგლები, საიდანაც ესა თუ ის არტეფაქტი მომდინარეობს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ რაჭა არქეოლოგიური თვალსაზრისით მდიდარი, თუმცა არასათანადოდ შესწავლილი რეგიონია და უკვე მრავალი წელია, რაც იქ სისტემური კვლევა არ ჩატარებულა.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა ზემო რაჭაში, ბოლო წლებში, სტიქიური უბედურებების შედეგად დაზიანებული არქეოლოგიური ძეგლების გამოვლენა, მათი აღწერა, GPS კოორდინატების აღება და ფოტო-ფიქსაცია.

🏺⛏

პროექტის საწყის ეტაპზე წინასწარი მოკვლევის საფუძველზე, განისაზღვრა ლოკაციები და დაიგეგმა კონკრეტული მარშრუტი, იმ ადგილების შესაბამისად, სადაც ბოლო წლებში სტიქიური უბედურების შედეგად ჩამოჭრილი ან ჩამოშლილი იყო მიწის დიდი მასა და იყო ალბათობა არქეოლოგიური ობიექტის გამოვლენისა.
პროექტის ძირითადი ეტაპის მიმდინარეობისას ზედაპირული არქეოლოგიური სადაზვერვო სამუშაოები ჩატარდა ზემო რაჭაში, მდინარეების რიონის, ჯეჯორას, ჭანჭახისა და საკაურას ხეობებში. სამუშაოებს აწარმოებდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებულები, საბა ბუგიანიშვილი და საბა ტეფნაძე, რომელთაც გააჩნიათ მსგავს სადაზვერვო ექსპედიციებში მონაწილეობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება.
მუშაობის პროცესში ხდებოდა განსაზღვრულ მარშრუტზე წინასწარ შერჩეული და აგრეთვე, ახლად გამოვლენილი ლოკაციების მონახულება და ზედაპირული შემოწმება (ძირითადად სტრატიგრაფიული ჭრილებისა, რომლებიც სტიქიის შედეგად გაშიშვლებული იყო და ხელსაყრელ გარემოს ქმნიდა არქეოლოგთათვის) არქეოლოგიური ძეგლების გამოსავლენად, მათი აღწერა, GPS კოორდინატების აღება და ფოტო-ფიქსაცია. 

🏺⛏

ჩატარებული სამუშაოების შედეგად ზემო რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა 4 სავარაუდო ლოკაცია, სადაც არქეოლოგიური ძეგლის არსებობაა მოსალოდნელი და რომლებიც სტიქიის შედეგად ყოველწლიურად ზიანდება. ესენია: 

სოფელი ჯინჭვისი

მდებარეობს სოფელ ჯინჭვისის ჩრდილო-დასავლეთით,მდინარე რიონის კალაპოტის სიახლოვეს, სადაც მდინარეს ჩამოჭრილი აქვს მიწის დიდი მასა. ტერიტორიაზე ძირითადად დაფიქსირდა განვითარებული შუა საუკუნეების კერამიკული მასალა, თუმცა შესაძლოა ზოგიერთი მათგანი შედარებით ადრეულ პერიოდსაც განეკუთვნებოდეს.

სოფელი ღები

მდებარეობს სოფელ ღების ჩრდილოეთით, ვირატყის რუს მარჯვენა ნაპირზე. რამდენიმე წლის წინ, წყალდიდობის შედეგად მოვარდნილ ღვარცოფს ჩამოუტანია შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი საინტერესო ინვენტარით. ზედაპირული დაზვერვის შედეგად ვირატყის რუს შუაწელზე, მის მარჯვენა ნაპირზე დაფიქსირდა 2 ფართოდ გაშლილი ტერასა, რომელთა სამხრეთ ნაწილშიც მოწყვეტილია მიწის მოზრდილი მასა. დიდი ალბათობით, ზემოთ აღნიშნული არქეოლოგიური მასალა სწორედ ამ ტერიტორიიდან უნდა ჰქონდეს წყალს ჩატანილი. მსგავსი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა ტერასების განლაგება და მათი მდინარესთან მიმართება. 

სოფელი ხიდეშლები

მდებარეობს სოფელ ხიდეშლების ჩრდილო-დასავლეთით, მდინარეების საკაურასა და ხოჯორას შორის წამომართულ გორაზე. გორის დასავლეთ ფერდობი წარმოადგენს მეწყრულ ზონას და სწორედ აქ გამოვლინდა კერამიკის მოჩალისფრო-მოვარდისფროდ გამომწვარი ფრაგმენტები, რომლებიც გორაკის ზედა ნაწილიდან უნდა იყოს ჩამოტანილი. აღმოჩენილი მასალა, წინასწარი შეფასებით, ანტიკურ ხანას უნდა განეკუთვნებოდეს და შესაბამისად ამ ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღნიშნული პერიოდის ძეგლის არსებობა.

სოფელ ბაჯიხევსა და ჩორდს შორის

სოფელ ბაჯიხევსა და ჩორდს შორის, მდინარე ჩორდულას მარჯვენა ნაპირზე წამომართულია კლდე, რომლის დიდი ნაწილიც მიწისძვრის შედეგად არის დანგრეული და შემდგომში აქტიური მეწყრული პროცესების შედეგად ქვემოთ ჩამოტანილი. კლდეში ყოფილა გამოქვაბულები, რომლებიც სავარაუდოდ გამოიყენებოდა გვიან შუასაუკუნეების ჩათვლით, რაზეც მოწმობს გორაკის თავზე გამოვლენილი ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი მასალა. ამასთანავე, ფერდობზე და განსაკუთრებით მის ქვედა ნაწილში, მდინარე ჩორდულას სიახლოვეს, იკრიფება დიდი რაოდენობით კერამიკა, რომელიც მოიცავს დროის საკმაოდ დიდ დიაპაზონს, ადრე ანტიკური ხანიდან ვიდრე განვითარებული შუა საუკუნეების ჩათვლით. გვხვდება როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტული ნაწარმი. არქეოლოგიური მასალის სიმრავლე და მრავალფეროვნება მიგვითითებს იმაზე, რომ ამ ტერიტორიზე მოსალოდნელია დიდი სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე ძეგლის არსებობა.

*დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

ყველა უფლება დაცულია © 2021 ა(ა)იპ მთის კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი